„საქართველო ევროკავშირში წევრობის შანსებს კარგავს“

ევროპაში ძალიან ბევრი აღშფოთდა მას შემდეგ, რაც თბილისში გადაღებული კადრები იხილა  – ლგბტ-პრაიდის მონაწილეები და ჟურნალისტები ულტრანაციონალისტების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ გეი-აღლუმები მიუღებელია ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის“.

ეს ინციდენტი მოწმენდილ ცაზე არ მოხდა – ის საქართველოს შიდა პოლარიზაციის ნათელი მაგალითი გახდა. ქართული საზოგადოება საკუთარ გაორებულ იდენტურობას ებრძვის – მოსახლეობის 75-80% ევროკავშირთან ინტეგრაციის და რეფორმების მომხრეა, თუმცა, ამავე დროს, მართლმადიდებელი ეკლესიის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება.

ქართული ეკლესია კი ბევრ საკითხში, მათ შორის ჰომოსექსუალიზმთან მიმართებაში, რუსული ეკლესიის პოზიციისგან თითქმის არ განსხვავდება,

სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადჰყოფენ, რომ ქართული საზოგადოება, ძირითადად, ჰომოფობიური რჩება, თუმცა, ეს ქვეყნის ერთად-ერთი პრობლემა არ არის. ის, რომ საქართველოს რეფორმების გრძელი გზის გავლა მოუწევს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გამოჩნდა.

მაშინ ეუთოში ამომრჩევლებზე ზეწოლაზე, ხმის მიცემის ანონიმურობის დარღვევაზე და ამომრჩეველთა მოსყიდვაზე ალაპარაკდნენ. ოპოზიციამ არჩევნების კანონიერება არ აღიარა და პარლამენტში არ შევიდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია დააპატიმრა, თუმცა, მაისში გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ოპოზიცია კი, ევროპელების შუამავლობის შედეგად, პარლამენტში საბოლოოდ მაინც შევიდა.

თუმცა, საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში მძიმე განწყობები დატოვა – ამომრჩეველთა მხოლოდ 24% მიიჩნევს ამ არჩევნებს პატიოსნად და საქართვლოს მოსახლეობის მხოლოდ 45% მიიჩნევს დემოკრატიულად საკუთარ ქვეყანას. პრეზიდენტს და პარლამენტს მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ენდობა.

საქართველოს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის სრული წაშლა და ეს ევროკავშირში ქვეყნის შესაძლო წევრობის კიდევ ერთ წინაღობად რჩება. ევროპარლამენტმა რეფორმების გზაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროგრესი აღიარა, თუმცა „პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესებისგან თავის შეკავება“  და მოსამართლეების შერჩევის პროცედურების შეცვლა ურჩია.

ეჭვებს კიდევ რამდენიმე კანონი იწვევს – მაგალითად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში ხელისუფლებისთვის „სპეციალური მმართველის“ დანიშნვის უფლების მინიჭება. კომუნიკაციების კომისიამ ასეთი „მმართველი“ ინტერნეტ-პროვაიდერ​ Caucasus Online-ში დანიშნა და ეს მას-მედიაზე შესაძლო პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლის ერთ-ერთი მაგალითია.

2020 წელს ოპოზიციური „მთავარი არხის“ მიმართ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.

მას-მედიაზე ზეწოლა საქართველოში იშვიათობა არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ის, რაც 5 ივლისს მოხვდა, ყველაზედ აღმაშფოთებელი შემთხვევა იყო.

საქართველო პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილზეა – ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობაზე პრეტენზია აქვს.

ევროკავშირი სტრატეგიულად დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით, თუმცა ამის მიღწევა შეუძლებელია კანონის უზენაესობის, უმცირესობების და მას-მედიის უფლებების დაცვის გარეშე.

რა თქმა უნდა, სოციალური პარადიგმის ცვლილება ერთ დღეში არ ხდება და ეს რთული პროცესია, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა ქართული მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე და რეალურ პროგრესზე უნდა იყოს დამოკიდებული.

dw.com

Comments

comments