“მე-4 ტალღის დასაწყისში ვართ, მომდევნო კვირები ძალიან მძიმე იქნება”

ქვეყანა COVID-19-ის მეოთხე ტალღაში შევიდა – აცხადებენ ქართველი ეპიდემიოლოგები და მომდევნო რამდენიმე რთულ კვირას პროგნოზირებენ.

სპეციალისტები თვლიან, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნდა გადაიხედოს გარკვეული რეგულაციები. პირველ რიგში კი კონტროლი უნდა გამკაცრდეს იმ ქვეყნებთან მიმოსვლაზე, სადაც დელტა შტამის გავრცელება მაღალია.

მედიკოსები მოუწოდებენ მოსახლეობას აქციებსა და საჯარო სივრცეში ყოფნის დროს ატარონ პირბადე.

ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა დაინფიცირება ბავშვებში. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, საჭირო გახდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზებაც.

“იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც ციციშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ, ჯერჯერობით რჩება სტაბილურად მძიმე. თუ გადავხედავთ იმ ტემპს რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფიქსირდება, თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის გაზრდილ მობილობას, ასევე, თუ გავითვალისწინებთ, რომ “დელტა” ვარიანტი აგვისტოში ჩაანაცვლებს “ალფა” ვარიანტს, ალბათ შემთხვევების ზრდა ჯერ კიდევ წინ გვაქვს და თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს, ნათლად ჩანს, რომ ჩვენ მე-4 ტალღის დასაწყისში ვართ, შესაბამისად მომდევნო კვირები ძალიან მძიმე იქნება,” – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

Comments

comments