ხვალ ქვეყნის 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ხვალ ქვეყნის 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც ჩატარდება; აჭარაში კი უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. მეორე ტური გაიმართება ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში.

მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.

ცესკომ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები უკვე დაამტკიცა. არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 4 095 ამომრჩეველია.

ცესკო მათ 145 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება. გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 2 360-მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები დღეს მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.

Comments

comments