ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან განაცხადა პრინციპი რესურსების რაციონალური გადანაწილება, პირველ რიგში, როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ასევე, ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ დავიწყეთ უკვე ახალი ტალღა ამ მუშაობის, მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული, როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერაზე, ასევე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ ეს არის რამდენიმე უკვე კარგად აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის კუთხით, იმ მოქალაქეების, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ასევე ყველაზე მოწყვლადი ოჯახების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა და ასე ვთქვათ ყველაზე დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საგადასახადო შეღავათების მთელი პაკეტი. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები, როგორც კონკრეტულ, სექტორალური ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე, ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს, როგორც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგებიც ყველასთვის ნათელი გახდება. ეს იქნება ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა მოქალაქეებს და ბიზნესს, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, პოსტკრიზისულ ეკონომიკაში საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.

„აქ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვეჭირა ეს ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლესა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებაში და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას. რამეთუ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ ბოლო დღეებში გვქონდა ძალზედ მჭიდრო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა სტრუქტურული რეფორმების იმ გეგმას, რომელსაც ვგეგმავთ იმისთვის, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი და ეფექტური ტემპით დაიწყოს და გაგრძელდეს. ასევე, შეფასებებით ნათელია, რომ საქართველოს 2021 წლიდან იმ სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და გავაგრძელებთ ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით პოსტკრიზისულ ეკონომიკაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments

comments