„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩს ხვდებიან. შეხვედრას ესწრებიან „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

შეხვედრა საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.

„ეს შეხვედრა საერთო შეთანხმებით დაიგეგმა. შეხვედრაზე საუბარი გვექნება იმ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. დიპკორპუსი ისედაც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ყველა საერთაშორისო პარტნიორმა გაიგოს, რომ საქართველოში არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვაწვდით ინფორმაციას საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ დიალოგზე უარი არასდროს გვითქვამს, მაგრამ ამ დიალოგს უნდა მოჰყვეს შედეგი“, – განაცხადა ინაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კი აღნიშნა, რომ დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ ხელახალ არჩევნებზე.

„არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა, ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს, ეს არის გაყალბებული არჩვენების ობიექტური შედეგი“, – განაცხადა ნათელაშვილმა

Comments

comments