ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი-ევროპირველობაზე მოასპარეზე 9 ქართველი სპორტსმენიდან რვამ მედალი მოიპოვა

23- წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარეობდა, ქართველთა ტრიუმფით დასრულდა.

ევროპირველობაზე მოასპარეზე 9 ქართველი სპორტსმენიდან რვა ძიუდოისტმა მედალი მოიპოვა.

ქართველებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში პირველობა კი არავის დაუთმეს.

ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს (90კგ).

ფინალურ შეხვედრაში გრიგალაშვილმა შვეიცარიელი, ლუკას ვიტვერი ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძემ კი დაძაბულ ორთაბრძოლაში რუს სპორტსმენს ეკუბზონ ნაზიროვს დაძაბული ორთაბრძოლის დასრულებამდე 17 წამით ადრე იპონით სძლია.

გელა ზაალიშვილი +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, უნგრელ, რიჩარდ შიპოცთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. თემურ ნოზაძემ (60კგ)კი ვერცხლის მედალი, სამი მოგებული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელთან, კონსტანტის სიმეონიდისთან იპონით დათმო.

ჯაბა პაპინაშვილმა (60კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, იტალიელი ალესანდრო არამუ შებოჭვით დაამარცხა, ბაგრატ ნინიშვილმა(66კგ) ესპანელი ძიუდოისტი ადრიან ნიეტო ჩინაროს იპონით სძლია და საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ვლადიმერ ახალკაცმა (81კგ) იტალიელი ტიციანო ფალკონეზე სუფთად დაამარცხა და საპრიზო ადგილს დაეუფლა. ონისე სანებლიძემ (100კგ) ფრანგ, პოლ დევოსის, წუთნახევარში დამაჯერებლად სძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

Comments

comments