არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ თეა წულუკიანის შესაძლო გაპრემიერების საკითხი იხილება

31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება.

“ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა რამდენიმე შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თაობაზე, რომელზეც სახელისუფლო პარტიაში ჯერ მხოლოდ კულუარულად საუბრობენ.

სააგენტოს ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე და სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი არ გახდება და საპარლამენტო პოსტის დაკავების ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება – წულუკიანი, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინონ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე. წულუკიანთან მიმართებაში იხილება მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების საკითხიც. წულუკიანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ კულუარულად აცხადებენ, „საკითხი – წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა“.

კიდევ ერთი მოსალოდნელი საკადრო გადაწყვეტილება სოზარ სუბარს უკავშირდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სავარაუდოდ, ყოფილ ომბუდსმენს სოზარ სუბარს ჩააბარებენ, ხოლო “ქართული ოცნების“ ახალი პოლიტიკური სახე ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც აქამდე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ იქნება წარდგენილი.

არ არის გამორიცხული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე აირჩიონ, რომელიც 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, თუმცა როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენის სურვილი და ამბიცია ანრი ოხანაშვილს გააჩნია.

წყარო: www.ipn.ge

Comments

comments