არ დამავიწყდება,“ნაცებმა” რა ამბავი ატეხეს, ოღონდ თამარ ჟვანია გაეყვანათ ცესკო-ს ხელმძღვანელად,ამათ ვიღაც ხან მოსწონთ, ხან – არა

“ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობაა, მაგრამ ამას პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავარქმევ, არის პოლიტიკური დაძაბულობა სამოქალაქო დაპირისპირების ელემენტებით”,- ასე აფასებს ექსპერტი, მამუკა არეშიძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ორივე მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კომპრომისზე უნდა წავიდეს.

“ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობაა, მაგრამ ამას პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავარქმევ, არის პოლიტიკური დაძაბულობა სამოქალაქო დაპირისპირების ელემენტებით. პანდემიის გამო უმძიმესი მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში და ეს საქართველოსთანა მყიფე ეკონომიკის პატრონებსაც დაგვეტყო. ამას დაუმატეთ უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონი საზოგადოებაში.

პოლიტიკური თემა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც საზოგადოებაში გაჩენილი ზიზღი და მეორე მხარის მიუღებლობა.

მეზობელ რეგიონში საომარი მოქმედებებია, ჩვენთან რომ არ არის საომარი მოქმედებები, არ ნიშნავს, რომ ხვალ არ იქნება, რადგან ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის შექმნის პერიოდში ვცხოვრობთ და ხვალ-ზეგ რა მოხდება, არავინ იცის…

ყარაბაღის კონფლიქტის გამძაფრება რომ აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ ბატალიებზე იყო მიბმული, წყალი არ გაუვა. რაც შეეხება დანარჩენს, აქედან ბევრი რამ გამომდინარეობს. ბრიტანული გამოცემა “სპექტატორი” წერს, აშშ-ის არჩევნებზე უდიდესი გავლენა­ აქვს რუსეთსო. თუ ასეა, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, თუ საქართველოს არჩევნებშიც­ არის ჩართული? მე ამის ნიშნებს ვხედავ იმის მიხედვით, თუ რა აქტიურობაა ჩვენი ქვეყნის რელიგიური უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფში. ამაში სომხეთის და აზერბაიჯანის განსაზღვრული წრეებიც არიან ჩართული, მაგრამ მე უფრო რუსული სპეცსამსახურების ხელს ვხედავ. ამის ერთ-ერთი ნიშანია, როცა არჩევნების დროს მოულოდნელად იძაბებოდა სიტუაცია და ამ დროს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას ვითარების გამწვავება სულაც არ აწყობდა. სწორედ აქ იკვეთებოდა რუსეთის და არა მარტო რუსეთის სპეცსამსახურების კვალი.

ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აშშ-ის საქმეებში რუსეთის ჩარევა­ იმაში კი არ გამოიხატება, რომელიმეს მხარი დაიჭიროს, არამედ იმაში, რომ მოახდინოს აშშ-ის დემოკრატიული პრინციპების­ დისკრედიტაცია. როგორც ამბობენ, შედეგი უკვე მიღწეულია იმ დონემდე, რომ ამერიკის დიდ ქალაქებში მოსახლეობა სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ემზადება.

ტრამპი მოიგებდა არჩევნებს თუ ბაიდენი, საქართველოსთვის პოლიტიკურად ამას გადამწყვეტი გავლენა არ ექნება, მაგრამ ფასეულობების­ თვალსაზრისით კი, რადგან ტრამპი ტრადიციონალისტია, ბაიდენი – ლიბერალი. ასეა თუ ისე, ამ ვითარებაში ჩვენს ქვეყანაში თუ ეს გორდიას კვანძი არ გადაიჭრა, ცუდი პერსპექტივის პროგნოზირება შეიძლება. ერთადერთს, რასაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მივაღწიეთ, სტაბილურობაა. დღეს კი რევოლუციურ სცენარზე დაიწყო ლაპარაკი, რაც ჩვენი მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს. ხელისუფლებას ქმედითი ღონისძიებების გატარება მართებს, უპირველესად კი საზოგადოების დარწმუნება, რომ არჩევნების შედეგი არ გაყალბებულა იმ ხარისხით, როგორც ოპოზიცია წარმოგვიდგენს, და მეორე – არ უნდა დაუშვას სამოქალაქო დაპირისპირება.

რაც შეეხება ოპოზიციას, შემიძლია მივმართო მხოლოდ მის ჯანსაღ ნაწილს და ვუთხრა, რასაც აკეთებს, ქვეყნის დანგრევის ტოლფასია. კარგად ვიცნობ მათ, ვინც გაყალბების სისტემა შექმნეს…
ახლა ის “ნაციონალი” ქალბატონი ტრიბუნაზე დგას და ცრემლს აფრქვევს, არჩევნები გაგვიყალბესო. ხელისუფლებასაც თავისი წილი დანაშაული აქვს, რომ ეს სისტემა თავიდანვე არ აღმოფხვრა და დღეს ამ ხალხს სალაპარაკოს აძლევს”,- აცხადებს არეშიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე – “რევოლუციური სცენარი ახსენეთ, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. თუ ეს სიმართლეა, ვისი ინსპირაცია შეიძლება იყოს?” ექსპერტი პასუხობს: “სააკაშვილის. მისთვის მიუღებელია ყოფის სხვა ნებისმიერი ფორმა, თუ არა აქვს ხელში ძალაუფლება. ოპოზიციის ნაწილს ვერ დავადანაშაულებ “ნაცმოს” ნარატივობაში, მაგრამ, სამწუხაროა, რომ იძულებულია მისი დღის წესრიგით იმუშაოს. თუ დაუკვირდით, ქუჩაში უფრო ახალგაზრდობაა გამოსული, აქციებში შუახნის­ და უფროსი ასაკის ხალხი არ მონაწილეობს. ძველებმა­ კარგად იციან, როგორ მუშაობდა გაყალბების სისტემა, ახალგაზრდებმა კი ეს არ იციან ან არ სჯერათ.

კარგად მახსოვს, 2012-ში როგორ გამიყალბა “ნაცმოს” ამ ჯგუფმა არჩევნები გარდაბანში. არც ის დამავიწყდება, 2013-ში “ნაცებმა” რა ამბავი ატეხეს, ოღონდ თამარ ჟვანია გაეყვანათ ცესკოს ხელმძღვანელად. ამათ ვიღაც ხან მოსწონთ, ხან – არა.

ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს მას შემდეგ, რაც მათი 120 საჩივარი შემოწმდება და ყველაფერი გადაითვლება. ოპოზიცია გაიძახის, ხელისუფლებამ ეკონომიკა ჩამოაქციაო. თუ ჩამოაქცია, კიდევ ერთი არჩევნები, რომელიც დიდი ფული ჯდება, უფრო არ ჩამოაქცევს? ოპოზიცია თვალთმაქცობს, რომ ხელისუფლების განაწილება და კოალიციური მთავრობა სურს. არ არის მიშა ის კაცი, ვინმეს ძალაუფლება­ გაუნაწილოს… ვფიქრობ, ხელისუფლებამაც უნდა დათმოს. ორივე მხარე კომპრომისზე თუ არ წავიდა, ეს ქვეყანა სულ დაიშლება”.

Comments

comments