არჩილ თალაკვაძე-ოპოზიციას: თუ საქმე გინდათ, საქმე არის პარლამენტში

“ვწუხვარ, რომ ცესკო-სთან დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. ეს იყო პირველ რიგში, იმ უპასუხისმგებლო ლიდერების ბრალი, რომლებმაც ეს ხალხი წააქეზეს, რომ მისულიყვნენ ცესკო-სთან, შემდეგ იქ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფის ხელით, ქვების და რკინის ნაჭრების გამოყენებით შეტევა განახორციელეს პოლიციის კორდონზე რაც დღეს აღიარეს პირდაპირ ეთერში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“- ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სასმახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის რამდენიმე ცხელთავიანი ლიდერი, სახელმწიფო ინსტიტუციაზე მორიგ ძალადობრივ შეტევას უძღვებოდა.

„ოპოზიციის რამდენიმე ცხელთავიანი ლიდერი, გუშინ სახელმწიფო ინსტიტუციაზე მორიგ ძალადობრივ შეტევას უძღვებოდა. ეს ის ხალხია, რომლებიც ადრეც არიან შემჩნეული ძალადობრივ ქმედებაში და პასუხისგებაშიც იყვნენ მიცემული ამის გამო. ჩვენ გვსურს საზოგადოების გაერთიანება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ არჩევნების შედეგების პატივისცემით და აღიარებით – მათ სურთ, საზოგადოების დაყოფა და დაპირისპირება და ამას აკეთებენ მათ შორის, არჩევნების შედეგებზე თავდასხმით. დღეს ეთერებში ამბობდნენ ლოზუნგებს, რომ საქმის გაკეთება გვინდაო – თუ საქმე გინდათ, საქმე არის პარლამენტში და არა ქუჩაში, თუ წესრიგი გინდათ, წესრიგი ის არ არის, რისკენაც მოქალაქეები წააქეზეთ გუშინ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ცესკო-ზე ძალადობრივი შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება იყო.

„გაქვთ პასუხი კითხვაზე, ცესკო-სთან რატომ წავიდნენ და ქვები რატომ ჰქონდათ მომარაგებული? ეს იყო მორიგი თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, საარცევნო ადმინისტრაციაზე, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევნების შედეგებს. ცესკო-ზე ძალადობრივი შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, იყო ბიულეტენების განადგურება. ღამე მოხდა ეს ყველაფერი და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, მაღალი ალბათობით, ეს რადიკალური ოპოზიცია გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს, არჩევნები აღარ არსებობს და უნდა ჩატარდეს თავიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება სამართალდამცველთა ქმედებას, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც მყისიერი საფრთხე იქმნება, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს ასევე მყისიერად. „შემდგომ ეპიზოდებში, თქვენ ასევე ნახეთ, რომ როდესაც მყისიერი საფრთხე განეიტრალდა, გაფრთხილებებიც ისმოდა და ეს იყო გაკეთებული ზუსტად ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Comments

comments