Universal Studios-ს ლოკაციის მენეჯერები საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოდიან

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Universal Studios კვლავ დაინტერესებულია საქართველოში ფილმის წარმოებით. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფრენჩაიზისთვის “ფორსაჟი” სცენების თბილისში გადაღების შემდეგ, ქვეყანას ესტუმრებიან გამოცდილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები ილტ ჯონსი, ლორი ბარტონი და პიტერ გლუკი. მათ სხვადასხვა დროს უმუშავიათ ისეთ ფილმებზე როგორებიცაა: The Suicide Squad, Captain Marvel, Black Panther, Transformers, Iron Man, The Dark Knight Rises, Inception, The Lion King, Once Upon a Time… In Hollywood, Pirates of the Caribbean, Mr. & Mrs. Smith, Mission: Impossible, X-Men და სხვა.

ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინოკლასტერის თანამშრომლობის ფარგლებში.

როგორც კინოცენტრში იუწყებიან, ლოკაციის მენეჯერები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით.

“სტუმრებისთვის შედგენილი ტური 14 – 18 სექტემბრს მოეწყობა.  ვიზიტის ბოლოს კი ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის, სადაც Universal Studios-ის წარმომადგენლები საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებისა და ხელშწყობის მიზნით, აღნიშნული ტურის მეორე ეტაპი იგეგმება 2021 წლის გაზაფხულზე. ქვეყანას კვლავ ესტუმრებიან Universal Studios-ის გავლენიანი პროდიუსერები, რომელთაც არაერთ მაღალბიუჯეტურ, წარმატებულ ფილმზე აქვთ ნამუშევარი.“ – ნათქვამია განცხადებაში.

პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში სულ გაფორმებულია ხელშეკრულება 30 პროექტის განხორციელების თაობაზე, საიდანაც 22 პროექტი დასრულებულია. მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა შეადგენს 94 მლნ ლარზე მეტს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით შეიქმნება 15,795 დროებითი სამუშაო ადგილი.

Comments

comments