სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა და Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა

პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, უკვე 2-მა გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა და Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელი დატოვა.

სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება სახელდება.

„S&P“ -ი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად ინსტიტუციურ სიძლიერეს მიიჩნევს.

სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას: დოლარიზაციის შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, საპენსიო რეფორმას, დეპოზიტების დაზღვევას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ხელისუფლების სხვა რეფორმებს.

„S&P“-ი ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული, მოიცავს: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ბიზნეს გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, განათლებისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას.

ანგარიშში ნათქვამია,რომ ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი და სიძლიერე მიანიშნებს მთავრობის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს ვალის მშპ-თან ფარდობის შემცირება.

პანდემიის ეკონომიკაზე ზეგავლენის პირობებში, მთელი რიგი ქვეყნების რეიტინგების გაუარესების ფონზე, საქართველოს რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობაზე.

მიმდინარე თვეში ასევე გამოქვეყნდა სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი, სადაც მსოფლიო გამოწვევების მიუხედავად, უცვლელი დარჩა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა.

​ Fitch-ის პოზიცია ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესგარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ.

ორგანიზაცია თვლის, რომ მოთხოვნის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ის ღონისძიებები იქნება, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით – კრიზისის განმავლობაში, ეკონომიკური პოლიტიკის საიმედო და თანმიმდევრულმა ​ჩარჩომ ​ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას.

სუვერენული რეიტინგის შენარჩუნება პოზიტიური ფაქტორია, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას საქართველოს მიმართ და დადებითად აისახება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე.

Comments

comments