შვეიცარიამ საქართველოს მოქალაქეებს ყოველგვარი შეზღუდვისაგარეშე შვეიცარიაში შესვლის უფლება მისცა

დღეს ძალაში შევიდა შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ საიტზე.

გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე.

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Comments

comments