თბილისში 2 ახალი საბაგირო ხაზი აშენდება

თბილისის მერია ქალაქში 2 ახალ საბაგირო მარშრუტზე იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერიის დაკვეთით საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირების მიზნით კვლევა 2016 წელს ჩატარდა. შედეგად 12 პოტენციური მარშრუტი გამოვლინდა, რომელთაგანაც მერიამ ყურადღება ორზე შეაჩერა.

„ეს კონკრეტული მონაკვეთები არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, სასესხო შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ დაფინანსდება“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება და პირველი სამგორი-ვაზისუბნის ხაზი იქნება, რომლის მოსამზადებელი სამუშაოების განმახორციელებელი კონსულტანტი მიმდინარე წლის ივლისში შეირჩევა, მშენებლობაზე კი ტენდერი სავარაუდოდ 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გამოცხადდება. პროექტის დასაფინანსებლად, AFD-ს მიერ გამოყოფილია 30 მილიონი ევრო.

სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო პროექტისთვის, რომელიც მეტროსადგურ „სარაჯიშვილს“ ზღვის უბნის დასახლებასთან დააკავშირებს, კონსულტანტის შერჩევა 2021 წლის დასაწყისში იგეგმება.​პროექტის განხორციელებისთვის დაფინანსების ოდენობა ამ ეტაპისთვის განსაზღვრული არ არის.

Comments

comments