საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა

მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში განხორციელებული პირველი მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, თუ რაოდენ მჭიდროა საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობები.

შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.

პიტერ სიიარტომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ლიდერი, როგორც აღმოსავლეთ-პარტნიორობის, ისე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მისივე თქმით, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი ალიანსი შეიძლება ჰქონდეს ნატო-ს არა წევრ სახელმწიფოებთან.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქვეყნების წარმატებას Covid-19-თან ბრძოლაში. უნგრულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები ამ მიმართულებით და ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე მოქალაქეების ძალისხმევა.

აგრეთვე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და უნგრული კომპანიების სურვილზე – საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. მათ, შორის, ხაზი გაესვა ქვეყანაში უნგრული კომპანია – Wizz Air-ის წარმატებულ ოპერირებას.

საუბარი შეეხო, შესაძლებლობისთანავე, ქვეყნებს შორის ტურიზმის გააქტიურების მნიშვნელობას და ითქვა, რომ საერთაშორისო მგზავრობის პირობების შემსუბუქება განხორციელდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და ფრთხილად, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ დაზიანდეს ის შედეგები, რაც მიღწეულია.

პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა უნგრეთის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

Comments

comments