თელავში სასტუმრო ქვევრი პირველ სტუმრებს 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს

თელავში სოფელ შალაურში ცნობილი სასტუმრო „ქვევრი 2021 წლის დასაწყისში პირველ სტუმრებს მიიღებს.  სასტუმრო, რომლის ნომრებსაც ქვევრის ფორმა ექნება,  ამჟამად მშენებლობის პროცესშია, ერთ თვეში კი ნომრებისა და ინტერიერის მოწყობის ეტაპი დაიწყება.  

სასტუმროს კოპლექსი 15-ნომრიან  მთავარ  შენობასა და 20 ქვევრის ფორმის კოტეჯს აერთიანებს. „ქვევრმა“ კონცეფციიდან გამომდინარე, უცხოელების ყურადღება მიიპყრო, როგორც შპს. „ქვევრის“ დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი განმარტავს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის იდეით ბევრი უცხოელი აღფრთოვანდა, სასტუმრო მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა აქტიურობა დამოკიდებულია მომავალი წლის ტურისტულ სეზონსა და ეპიდსიტუაციაზე.

„აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა, პროცესი დაგეგმილი გრაფიკით მიდის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ  მომავალი წლის დასაწყისში ქვევრის სასტუმრო ვიზიტორების მიღებას დაიწყებს.  რაც შეეხება ფასებს, ეს იქნება მაღალ საფასო სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო, თუმცა მანამდე დიდი დროა და დამოკიდებულია პანდემიის გავრცელებისა და გლობალურ დინამიკაზე. სასტუმრო „ქვევრი“-ს მიმართ უცხოელებისგან დიდი ინტერესია, უამრავი კითხვა შემოდის გახსნის თარიღზე. ეს არ არის ჩვეულებრივი  სასტუმრო, არამედ ქართული ღვინის კულტურის თემატიკაზეა აგებული განსხვავებული იდეით და კონცეფციით. გვექნება ჩვენი ღვინო, ჩვენი ვენახი, მაგრამ არ გამოვრიცხავთ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობასაც. თუმცა, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ სხვა გამოწვევები გვაქვს – უნდა დასრულდეს მშენებლობა, მთავარია ამაში არ გვქონდეს შეფერხება. ტურისტული სეზონი მარტი -აპრილიდან იწყება, თუმცა ამ Covid-სიტუაციიდან გამომდიანრე რა რეალობის წინაშე დავდგებით ამას დიდი მნიშვნელობა აქვს,“ – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

3,5 მილიონიანი სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. მთავარ შენობასთან და კოტეჯებთან ერთად კომპლექსში გაერთიანდება რესტორანი, ბარი, აუზები, სპა, საბავშვო გასართობი ადგილი, გაშენებული ვენახი.

Comments

comments