ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში,ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჩვენი ეკონომიკისა და ტურიზმისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკურ გუნდს ერთობლივი მუშაობისთის მადლობას უხდის.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია გაიმართა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკურ გუნდს, ერთობლივი მუშაობისთვის, პირველ რიგში, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, როგორც ფისკალური, ასევე ონეტარული მიმართულებით. ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი, კოორდინირებული მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორებთან.  ამის შედეგი იყო, როდესაც პირველებმა დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არც ერთი დღე არაფერი არ  დამუქრებია. ეს არის ამ ხალხის დამსახურება. ასევე მინდა, მადლობა გადავიხადო, აშკარად ჩანს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის სისტემური მიდგომის შედეგი. აქ გააზრებულია ყველაფერი, დათვლილია თითოეული რისკი, როგორც დროში, ისევე იმ რისკების გათვალისწინებით, იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც პროგნოზირებადობის ხარისხი არის ძალიან დაბალი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა და სიფრთხილისკენ მოუწოდა, ასევე მოუწოდა საზოგადოებას, საქართველოში დაისვენონ.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ამ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უფრო მეტი სიფრთხილისკენ. დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ჩვენ არაფრისგან დაზღვეული არ ვართ. ჩვენი უპირველესი ვალდებულება არის მეტი სიფრთხილე, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად, ახლა ისეთი სეზონია. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქართულ ტურიზმს და თითოეულ თქვენგანს მოვუწოდებ, ვიმოგზაუროთ საქართველოში და დავისვენოთ საქართველოში. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა დღეს, ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურიზმისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments

comments