საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

საქართველო აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად გამოყოფილი ფინანსური რესურსების მიღებას.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის დღეს ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ.

აღნიშნული შეთანხმებებით: 70 მილიონი ევრო გათვალისწინებულია სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დასაფინანსებლად, მათ შორის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით;

120 მილიონი ევრო – მიიმართება ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერისკენ.

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა გაელლე ასაიაჟმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება მიმართული.

„საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა“, – აცხადებენ სამინისტროში.

Comments

comments