ვანის მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა-პროექტი 20 მილიონით მსოფლიო ბანკმა დააფინანსა

ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარია. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ახალ, ოთხსართულიან შენობაში, პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. პროექტის დასრულების შემდეგ ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და ასევე სრულად აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით.

მშენებლობის პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობეების რეაბილიტაციაც დაასრულა.

სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

წყარო

Comments

comments