პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა-საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სამაგალითოა

„პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა – საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სამაგალითოა“, – ამ სათაურით საქართველოს შესახებ ევროპა პრესის (europa press) ესპანური გამოცემა სტატიას აქვეყნებს.

ჟურნალისტი წერს, რომ დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე პატარა ქვეყანა პანდემიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით სამაგალითო მოდელი გახდა.

როგორ მოახერხა საქართველომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ეფექტურად? პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ეს დროულად და ეფექტიანად გატარებული ღონისძიებების შედეგია.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ფაქტორზე მას შემდეგ, რაც ქვეყანაში – 26-ს თებერვალს, პირველი დაინფიცირებული გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით დაწყებული საინფორმაციო კამპანია, ფრენების აკრძალვა მაღალი რისკის ქვეყნებთან, აეროპორტში მგზავრთა მონიტორინგი და კონტროლი სიმპტომებზე, საკარანტინო ზონების მოწყობა – ეს ღონისძიებები ქვეყანას ვირუსის სწორ მართვაში დაეხმარა, რაც განმსაზღვრელი იყო კოვიდ -19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სტატიაში ყურადღებაა ასევე გამახვილებული პაციენტთა მკურნალობის პროტოკოლზე და ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებთან ერთად, საქართველო მოქმედებდა საკუთარი პროტოკოლის შესაბამისად, რაც გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის”.

პუბლიკაციის დასასრულს, ავტორი წერს, რომ ამ ქვეყნის მიერ არჩეული სტრატეგიის წარმატების ფორმულა ყველა საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების იზოლირება გახდა.

კორონავირუსი სულ 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4 373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 386. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Comments

comments