კონკრეტული ადამინების მხრიდან იყო მცდელობა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა,მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით

ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ და უკვე დასასრულს უახლოვდება, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციაა. გახსოვთ ალბათ, სამუშაოები ოთხ ლოკაციას დავყავით და თითოეული ეტაპის შესახებ საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას ვაწვდიდით. მე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდები ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის პროცესს. არაერთხელ გავავრცელეთ დეტალური ინფორმაცია ამ და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ, თუმცა მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კლაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა.

„ახალი ქსელის მოწყობის დროს, ბუნებრივია, საკომუნიკაციო ჭებს ახალი სახურავები სჭირდება. როდესაც ქვედა ფენის ასფალტის საფარის დაგება ხდებოდა, იმის გამო, რომ მას ავტომანქანით გადაადგილებისთვის დისკომფორტი არ შეექმნა, მასზე ასფალტის ქვედა ფენა გადაიგო. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა სწორედ ჭების შესაბამის ნიშნულზე წამოწევა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, უკვე ასფალტის ბოლო ფენა დაიგება.

ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, ეს პროცესი არავისთვის იქნება გასაკვირი. ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გადაუმოწმებელი და რეალობას მოკლებული ინფორმაცია ვრცელდება. რასაც კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან და კონკრეტული ადამინების მხრიდან მოჰყვა მცდელობა საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. ისინი ისევ თავიანთ სიცრუეში დარჩებიან. ეს არის მათი ბუნებრივი ადგილი.

რა თქმა უნდა, მედიასაშუალებებს ჩვენი თითოეული პროექტის საზოგადოებამდე მიტანის საკითხში უდიდესი როლი აქვთ, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას ფლობდეს. ამიტომ, მინდა ყველას ვთხოვო, იქნება ეს რომელიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი, თუ სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ინფორმაციის გავრცელებამდე მოგვმართეთ და ჩვენ ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით, რათა ცალმხრივად არ გაჟღერდეს ესა თუ ის ინფორმაცია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოყვება ხოლმე. ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში, ჩვენ არასდროს გვქონია კომუნიკაციის პრობლემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კიდევ ერთხელ ვთხოვ, კონსულტაცია გაიარონ დარგის სპეციალისტებთან, ასევე თბილისის მერიის წარმომადგენლებთან. დამერწმუნეთ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს სწორედ ისინი გასცემენ პასუხს“, – აღნიშნა კალაძემ.

Comments

comments