თბილისის მერია ყველა ქუჩაზე საავტობუსე ზოლის მოწყობას გეგმავს

თბილისის ყველა ქუჩაზე საავტობუსე ზოლი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანებმა, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, კომფორტულად გადაადგილება და მგზავრობა მოახერხონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი იწყება, „ვაკის პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მთლიანად ქუჩა გადათხრილი იყო , მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება უკვე დამთავრებულია.

„15 მაისისთვის ეს კონკრეტული გზის მონაკვეთი უკვე ქვედა ფენებში უნდა იყოს მოქცეული . ის სამუშაოები, რომელიც უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან იწყება, ძალიან მალე დავამთავრებთ. ასევე პარალელურად გრძელდება საფეხმავლო ბილიკების და ველობილკების მოწყობა, იცით რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტითვის გამზირის შუა ნაწილი იქნება გამოყოფილი, რომ ავტობუსმა ყოველგვარი შეფერხების, დაბრკოლების გარეშე გადაადგილება შეძლოს. ჩვენ 2 წლის წინ ვთქვით, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ, მთელი ქალაქის მასშტაბით ანალოგიური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომ შესაბამისი საავტობუსე ზოლი ყველა ქუჩაზე გავაჩინოთ, რათა დამიანებმა, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, კომფორტულად გადაადგილება და მგზავრობა მოახერხონ. დედაქალაქის მუნიპიპალიტეტი ამისთვის ყველა პირობას შექმნის“, – აღნიშნა კალაძემ.

Comments

comments