“ეკონომიკური ზრდის პარალელურად პენსია ყოველწლიურად გაიზრდება”

პარლამენტი პენსიების ინდექსაციაზე იწყებს მუშაობას, – განაცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„გარდა იმისა, რომ გაიზრდება პენსია, მოხდება მისი ინდექსაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად პენსია ყოველწლიურად გაიზრდება. ეს ხდება იმის გარდა, რასაც ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე წელს და მომავალ წელსაც ვაკეთებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, პენსიის ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება პარლამენტში წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას. რაც შეეხება ზრდის ოდენობას, პენსია ყოველწლიურად შემდეგი მეთოდით გაიზრდება:

70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის – ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის – ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.

Comments

comments