პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავის წინაშე არ დაუდია

ყველა ფაქტი და დოკუმენტი მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში პატიმრების გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა.

„შეთანხმების ხელმოწერამდე სამი დღით ადრე ბატონებმა უგულავამ და რურუამ გააკეთეს ერთიდაიგივე შინაარსის განცხადებები. კერძოდ, ორივე მათგანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის. უგულავას და და რურუას განცხადებებს 5, 6 და 7 მარტს მოჰყვა მათი თანაგუნდელების განცხადებები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მათ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობის შექმნისთვის. მეტიც, გიგა ბოკერიამ და სერგი კაპანაძემ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჯერ გაფორმდებოდა შეთანხმება საარჩევნო სისტემის შესახებ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გათავისუფლლდებოდნენ მათი წარმოდგენით ე.წ. პოლიტპატიმრები. მეტიც, ბოკერიამ ისიც კი განაცხადა, რომ პატიმრების საკითხის მოლაპარაკების ნაწილად განხილვა მისთვის მიუღებელიც კი იყო. მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს დავით ბაქრაძემ, გიორგი ვაშაძემ და ნინო ბურჯანაძემ, ასევე სხვა პოლიტიკოსებმა ოპოზიციიდან. ასევე ყველა ფაქტი და დოკუმენტი მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია. ამის მიუხედავად ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ თითქოს მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

Comments

comments