მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ. ჰოსპიტალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მარნეულში იმყოფებოდა მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანრძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და ქბრბ სამმართველოს ხელმძღვანელები“- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

„ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობდითთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Comments

comments