საქართველო ყველა უცხოელისთვის საზღვრებს კეტავს-ვისზე დაიშვება გამონაკლისი

კორონავირუსის ეპიდემიური გავრცელების გამო, 18 მარტის 00:00 საათიდან საქართველო უცხოეთის მოქალაქეთათვის საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს – ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავრობამ გააკეთა. საზღვარი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება დახურული.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჩამონათვალა რამდენიმე გამონაკლისი იმ ადამიანებისთვის, ვისზეც ეს შეზღუდვა არ გავრცელდება.

დავით ზალკალიანის განცხადებით, გამონაკლისები ასეთია:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და მათ ოჯახები;
  • შერეული ოჯახები, როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე  ან საქართველოს მოქალაქე არის არასრულწლოვანი შვილი;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები (თუ ასეთი მისია საქართველოში იქნება მოვლენილი);
  • სტატუსნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები, ასევე საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
  • ასევე ოფიციალური დელეგაციების საკითხები, რომელიც ყოველი კონკრეტული დელეგაციისთვის ინდივიდუალურად გადაწყდება.

შეზღუდვა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 18 მარტის 00:00 წუთზე შევა ძალაში.

Comments

comments