მთის კანონის შეღავათებით კიდევ 58 სოფლის 25 000-ზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს

„მთის კანონი იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები განიხილავენ მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც 58 სოფელს შეეხება.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი  საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება გახლავთ. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. ამ კანონის ძირითადი მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ესეც იყო ჩენი დაპირება, რომელსაც ჩვენ ასევე ვასრულებთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი 2015 წლის 16 ივლისს მიიღო. იმავე წელს შეიქმნა მთის განვითარების ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი.

კანონის საფუძველზე დანამატები გაიცემა საპენსიო ასაკს მიღწეულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე; სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიანი დასახლების მცხოვრებლებზე; მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე; ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით „მთის კანონის“ ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებზე; მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებზე.

Comments

comments