საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მომატებულია, რის გამოც სახელმწიფო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“ჯერ კიდევ ერთი თვის წინ თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ საქართველო მწვანე ზონაში იყო, რადგან ვირუსი არც ერთ ახლომდებარე ქვეყანაში არ იყო დაფიქსირებული. ირანში შექმნილმა სიტუაციამ კი სურათი ჩვენი ქვეყნისთვისაც შეცვალა. აქედან გამომდინარე, მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ. დღეს გამოვა მთავრობის განკარგულება, რომელშიც განხილული იქნება სხვა დასენიანებული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულ პირებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.