კორონავირუსის გამო მსოფლიო უნდა მოემზადოს შესაძლო პანდემიისთვის, – ამის შესახებ, BBC-ს ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს. როგორც WHO-ში განმარტავენ, ჯერ ადრეა, ეპიდემიას პანდემია ეწოდოს, თუმცა ქვეყნები უნდა იყვნენ მზადების ფაზაში.
პანდემია იმ შემთხვევაში ცხადდება, თუ ინფექციური დაავადება სწრაფად და მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე მსოფლიოს ბევრ ნაწილში.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 79 000–მდე ადამიანი.
ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 592-ს მიაღწია. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 28 ადამიანი გარდაცვლილი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.