“მინისტრებს პარლამენტი ფეხზე კიდიათ“-დეპუტატი ვანო მაჭავარიანის პარლამენტში არმისვლაზე

ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა გააკრიტიკა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომელიც კომიტეტზე არ მივიდა.

„უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი. ჩვენ გავყევით მინისტრის სურვილს, რომ გადაწეულიყო მინისტრის მოსვლის თარიღი, შევთანხმდით დროზე, დასტურიც მივიღეთ, მაგრამ ეტყობა ივანე მაჭავრიანი “მინისტრს საათს” და საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქციის სახელით დაბარებას ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან. ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ფორმატია. მოვიდა პარლამენტში სესიაზე, მოყვა, რომ ქვეყანაში ყველაფერი გადასარევად არის და ის საკითხები, რომლებიც მინისტრმა სესიაზე თქვა, არ იყო ჩვენს კითხვებზე პასუხების გაცემა. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, როგორც ჯანდაცვის მინისტრის, ასევე ფინანსთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოთ ალბათ გუნდის შიგნით, ვინაიდან ბოდიში, მაგრამ როცა საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, როგორც ჩანს, ბოდიში, მაგრამ მინისტრებს სულ ცალ ფეხზე კიდიათ პარლამენტიც და რეგლამენტიც. რეაქციას გადაწყვეტთ თავად, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვიტყვით“, – განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიწვევით პარლამენტში დღეს უნდა მისულიყო.

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მინისტრს სამ საკითხზე უნდა ესაუბრა.
ეს თემებია:

1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები.

2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია.

3. საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

Comments

comments