თბილისის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს

დედაქალაქის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ღირებულების ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატვის მომზადება დაავალა.

„კომპანია „სითი პარკთან“ ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს გავწყვიტეთ ხელშეკრულება ცალმხრივად და კომპანიამ სასამართლოში დაიწყო დავა, ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად. მოვახერხეთ, რომ მოვილაპარაკეთ. დღეის მდგომარეობით, არც სასამართლოშია დავა და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადება კომპანია. წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები, სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ამ სისტემის სამართავად არის საჭირო. ჩვენ შევისყიდეთ ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება, ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. ჩვენ გვახსოვს, რამდენი უკმაყოფილება იყო ამ კომპანიის მიმართ. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია, „თბილისი პარკინგი“. დაახლოებით წლის განმავლობაში მილიონ 200 ათასი ჯარიმა იწერებოდა „სითი პარკის“ მიერ. ჩვენს მიერ რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს, დაახლოებით 5 ათასი ჯარიმა იწერება და ქალაქში არის წესრიგი, არ არსებობს უკმაყოფილო ადამიანები. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულების არის, აქ იგულისხმება ჯარიმები, რომლებიც გადაცემულია აღსრულების ბიუროს და რომლის ფარგლებში იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის. იმედია, პარლამენტი მხარს დაგვიჭრეს და გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments

comments