შოთაძის პერიოდში პროკურატურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტს ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების დროს იკავებდა “როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევებში მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართმსაჯულება შეეხო”.

ამის შესახებ თალაკვაძემ მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

“მისი მუშაობის პერიოდში პროკურატურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი. მინდა გავიხსენო არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ტრეფიკინგის შემთხვევებს, ასევე ნარკოტრაფიკის საქმეებს. ასევე, ის იყო მთავარი პროკურორი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების დროს, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევებში, მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო. შესაბამისად, მას ნამდვილად აქვს მართვის გამოცდილება. ის არის ერთ-ერთი პროფესიონალი პროკურორი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მმართველ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ თანამდებობაზე პროკურორი დაამტკიცონ, ამ შემთხვევაში, კი საბოლოო გადაწყვეტილებას პარლმენტი მიიღებს:

“მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ოპოზიციონერებთან, არამედ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ჩვენ გვაქს მოვალეობა, რომ თანამდებობაზე დავამტკიცოთ პროკურორი და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ინსტიტუტებს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ის, რომ ოპოზიცია კანდიდატურას არ ეთანხმება, ნორმალურია და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი”, – განმარტა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ შოთაძეს აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა.

ოპოზიცია დღეს დილიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ, რომელსაც პარლამენტში მთავარი პროკურორის პოსტზე კენჭი უნდა უყარონ.

Comments

comments