პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს – ოპოზიცია ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებს

პარლამენტთან აქცია-პიკეტი დაიწყო, ოპოზიცია და აქტივისტები პარლამენტის შესასვლელებთან სირცხვილის კორიდორებს აწყობენ, რითაც გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. დეპუტატების მანქანების პარლამენტის ეზოში შესვლისას აქტივისტები სკანდირებენ “მონა”-ს და საყვირებით გამოხატავენ პროტესტს.

აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციის ერთერთ თანამშრომელს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციელმა მათ მოსთხოვა, გზის სავალი ნაწილი არ დაეკავებინათ.

ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, დღევანდელ სესიაზევე უყრიან თუ არა კენჭს მთავარი პროკურორობის ერთადერთ კანდიდატს. პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს 11:00-ზე, ხოლო პლენარული – 12:00-ზეა ჩანიშნული.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ პარლამენტს 7 თებერვალს წარუდგინა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერს.

Comments

comments