გარდაიცვალა კინორეჟისორი გიორგი შენგელაია

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს მოსკოვში დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.  1962 წლიდან კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მუშაობს. მისი პირველი ფილმი “ალავერდობა” 1963 წელს გამოვიდა. 1969 წელს გადაიღო ფილმი “ფიროსმანი” მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ.

მან ქართული კინო ეროვნულ მასალაზე შექმნილი პოპულარული ჟანრებითაც გაამდიდრა. მას ეკუთვნის ვესტერნი “მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი “ვერის უბნის მელოდიები” და სათავგადასავლო ფილმი “ხარება და გოგია”.

გიორგი შენგელაიამ 2000 წელს გადაიღო ფილმი “სიყვარული ვენახში”. 2005 წელს კი “მიდიოდა მატარებელი”.

შენგელაია არაერთი კინოფესტივალის ლაურეატია.   მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966), ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი “დრაკონი” და ფიპრეისის დიპლომი (1966), ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“ (1974), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973), აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი (ერევანი 1977), სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1985) და სხვა პრიზები.

Comments

comments