გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესი 10 მარტს არის დანიშნული.

პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის 2 დეკემბერს გამოიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში ნიკა მელია გამტყუნდა და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლება შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

Comments

comments