ყვარელში „ღვინის სოფელი“ შენდება – პროექტის ღირებულება $3.5 მლნ-ია

ყვარლის მუნიციპალიტეტში კომპანია 7S ახალ „ღვინის სოფელს“ აშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 3.5 მლნ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ  პროექტის იდეის ავტორმა და კომპანიის 7S-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს იქნება ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული, ეთნოელემენტებით გაჯერებული სოფელი, რომლის ერთ-ერთი დანიშნულება ტურიზმის განვითარებაა.

„ყვარლის შესასვლელში „ღვინის სოფლის“ პროექტის განხორციელება 3 თვის წინ დავიწყეთ. 5 ჰა-ზე გაშენებული 50 სახლი, რომელსაც ექნება საკუთარი ვენახი 400-500 მ2, ხოლო ერთი სახლის მთლიანი მიწის ფართი 900-დან 1200 მ2-მდე იქნება. სახლების დიზაინი სხვადასხვა იქნება, თუმცა ფაქტურები იქნება იგივე – თეთრი სახლები წითელი აგურით გაფორმებული და ქართული კრამიტით გადახურული.

სოფელი ინფრასტრუქტურულად მოწყობილი იქნება. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ კომუნიკაციები მიწის ქვეშ გავაკეთოთ, ამ ეტაპისთვის დასრულებულია გაზიფიცირების სამუშაოები და პირველ ნაწილში წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ზოგიერთ სახლს ექნება მარანი, ზოგს მხოლოდ – ღვინის შესანახი. მნიშვნელოვანია, რომ ვინც იყიდის ამ კოტეჯს, ის არამხოლოდ დასასვენებელ აგარაკს, არამედ ბიზნესს ყიდულობს და მარტივად შეძლებს უცხოელებზე, airbnb-ზე, booking-ზე განთავსებით გააქირავოს“, – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

მისივე ინფორმაციით, სახლების დარეზერვება დაწყებულია და ამ ეტაპისთვის 12 მიწის ნაკვეთი უკვე დარეზერვებულია.

„ჩვენ ყვარლის რაიონში მინიმუმ 1 მლნ ლარის ინვესტიციას მოვიზიდავთ. საწყის თანხას ჩვენ ჩავდებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, შემოვლენ ის ადამიანები, რომლებიც ამ სახლების მესაკუთრეები გახდებიან. ამ ეტაპისთვის 12-მდე სახლი არის დარეზერვებული, პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამკვეთებთან როგორი პროექტით უნდათ გაკეთება. ეს არის ინდივიდუალური პროექტები, გაზაფხულზე დამტკიცდება და მშენებლობებსაც დავიწყებთ. სახლებისა და მიწის ნაკვეთების ღირებულება 60 000-დან 100 000 დოლარამდეა, ხოლო სახლების ფართობი 60 მ2-დან 120 მ2-მდეა“, – განაცხადა „ღვინის სოფლის“ იდეის ავტორმა.

წყარო

Comments

comments