ბაზარზე პირველი ქართული ელექტრომობილი აგვისტოში გამოვა

ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე უნდა მოხდეს სათადარიგო ნაწილების წარმოებაც.

“ელექტრომობილები, რომელსაც ქუთაისის ქარხანა აწარმოებს, გავა ექსპორტზე, ასევე მოემსახურება ადგილობრივ ბაზარს და დარწმუნებული ვარ, ძალიან პოპულარული იქნება. წარმოება იქნება ისეთი, რომ ქართული ბაზარი არ ეყოფა, დასრულებიდან პირველ ეტაპზე წარმოებული იქნება 5000 ელექტრომობილი, თუმცა შემდეგ ეტაპზე ეს რიცხვი უკვე 40 ათასამდე უნდა გაიზარდოს. ჩვენ აქ მხოლოდ აწყობას არ ვგეგმავთ, ადგილზე უნდა მოხდეს სათადარიგო ნაწილების წარმოებაც. ეს არის ჩინური ბრენდი და გამოვუშვებთ იგივე მანქანებს იგივე სტანდარტებით. ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, რადგან ამ ეტაპზე დასაქმებულია 300 ადამიანი, თუმცა ეს გაიზრდება 3000-მდე. ამ ქარხნის მშენებლობის დასრულებას რეგიონის მოსახლეობა ელოდება, იმიტომ, რომ დასაქმდნენ. ვფიქრობთ, რომ პირველი ელექტრომობილი გამოვუშვათ აგვისტოში, გარდა ამისა, ცალკე იქნება აკუმულატორების ქარხანა, ცალკე იქნება ყველა ელექტროობის წარმოების ხაზები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მთლიანად ავაწყოთ ქუთაისში ელექტრომობილი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, დიდ მოგებას მოუტანს არა მარტო ქუთაისს, არამედ მთელ საქართველოს და ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ ეკოლოგიურად იქნება ძალიან მომგებიანი”, – განაცხადა შალამბერიძემ.

Comments

comments