2019-ში საზღვარგარეთ ქართული ღვინის რეკორდული რაოდენობა გაიყიდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0.75 ლ) ღვინო გაიტანეს ექსპორტზე, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 17%-ით მეტია.

სააგენტოს ცნობით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

  • პოლონეთი – 17% (4 114 972 ბოთლი),
  • ჩინეთი – 2% (7 089 259 ბოთლი),
  • აშშ – 48% (678 148 ბოთლი),
  • დიდი ბრიტანეთი – 60% (168 307 ბოთლი).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში:

  • ლიეტუვა – 45% (708 408 ბოთლი),
  • გერმანია – 40% (671 453 ბოთლი),
  • ბელარუსი – 74% (2 787 065 ბოთლი),
  • ისრაელი – 80% (324 700 ბოთლი),
  • ესტონეთი – 20% (693 248 ბოთლი),
  • რუსეთი – 9% (58 384 540 ბოთლი),
  • მოლდოვა – 8738% (625 724 ბოთლი), ]
  • ნიდერლანდები – 17% (96 464 ბოთლი),
  • ჩეხეთი – 34% (83 136 ბოთლი),
  • შვედეთი – 636% (92 214 ბოთლი),
  • ბულგარეთი – 30% (34 734 ბოთლი),
  • მონღოლეთი – 40% (297 576 ბოთლი) და ა.შ.

2019 წელს ღვინო ექსპორტზე 341-მა კომპანიამ გაიტანა.

ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31.6 მილიონი ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1.7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38%).

როგორც სააგენტო აცხადებს, დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 17 418 683 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 5160 309 ბოთლი, „წინანდალი“ – 4 407 563 ბოთლი ,  „ახაშენი“ – 1 577 823 ბოთლი ,  „ხვანჭკარა“ – 1 011 887 ბოთლი, „ტვიში“ – 298 509 ბოთლი და ა.შ.

მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 345 მილიონი აშშ დოლარი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

Comments

comments