რომელი კომპანია ლიდერობს საქართველოს ავიაბაზარზე

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერები ავიაკომპანიები „ვიზეარი“, „თურქეთის ავიახაზები“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ არიან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე მეტ მგზავრს 2019 წელს, წინა წლის მსგავსად, „ვიზეარი“ მოემსახურა. ევროპული ავიაკომპანიის მომსახურებით 2019 წელს 825 290 მგზავრმა ისარგებლა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 16 პროცენტია. შედარებისთვის, 2018 წელს „ვიზეარი“ 587 179 მგზავრს მოემსახურა და მისი წილი 12 პროცენტი იყო.

საქართველოში 2019 წელს „თურქეთის ავიახაზებით“ 572 181 მგზავრმა ისარგებლა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 11 პროცენტია. 2018 წელს „თურქეთის ავიახაზების“ წილი ასევე 11 პროცენტი, გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა კი, 559 749 იყო.

2019 წელს შემცირდა „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა, თუმცა, წინა წლის მსგავსად, ავიაკომპანიამ ბაზარზე მესამე ადგილი დაიკავა. „ჯორჯიან ეარვეისი“ შარშან 500 482 მგზავრს მოემსახურა (წილი – 10 პროცენტი), 2018 წელს კი, 550 831 მგზავრს (წილი – 11 პროცენტი).

ბაზარზე პთხპროცენტიანი წილი დაიკავეს „უკრაინის ავიახაზებმა “ (207 588 მგზავრი), „ფლაი დუბაიმ“ (204 364 მგზავრი), „პეგასუსმა“ (180 761 მგზავრი) და „პობედა ეარლაინსმა“ (180 684 მგზავრი). სხვა ავიაკომპანიების წილი ოთხ პროცენტზე ნაკლები იყო.

Comments

comments