„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა

საქართველოს ელექტრო სისტემას ახალი თბოელექტროსადგური შეემატა. 230 მეგავატი სიმძლავრის „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამოირჩევა.

ობიექტი ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე ამერიკული დოლარის ინვესტიციით აშენდა. თბოელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მიმართა.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ახალი თბოელექტროსადგურის გახსნა ძალზედ მნიშვნელოვანია ენერგოსისტემისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

გიორგი გახარიას განცხადებით, გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

გარდაბანში თბოსადგურ 2-ის მშენებლობა დეკემბერში დასრულდა.

შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2’’- ის მიერ 230 მგვტ. კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია – China Tianchen Engineering Corporation-მა (TCC) შეასრულა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ტიანჯინში. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და იგი ჩართულია 30-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარე საერთაშორისო საინჟინრო პროექტებში.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს სფერო ქვეყნის სოციალური სექტორის მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით გარანტირებულ მომარაგების უზრუნველყოფა, აგრეთვე, ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

კომპანია საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, ამავდროულად, აქტიურად არის ჩართული ელექტროენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ლოგისტიკაში და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch Ratings“-ს მიერ მინიჭებული აქვს BB- საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი.

Comments

comments