რუსთავს ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

რუსთავის მერიამ ორი ახალი რეკრეაციული სივრცის – ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ და რუსთავის თეატრთან არსებული სკვერების რეაბილიტაციის პროექტების კონცეფცია განიხილა.

როგორც რუსთავის მერიაში განმარტავენ, 2019 წელს, რუსთავის მერიამ კონკურსი გამოაცხადა და მოსახლეობას თხოვნით მიმართა, კონცეფციების სახით წარმოედგინათ წინადადებები, თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო აღნიშნული რეკრეაციული სივრცეების განვითარება. ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის განვითარებისთვის შექმნილი გრაფიკული ნამუშევარი, რუსთაველმა არქიტექტორმა გიორგი არევაძემ მოამზადა და უსასყიდლოდ გადასცა ქალაქს. კონკურსის ფარგლებშივე მოხდა თეატრის მიმდებარედ არსებული სკვერის განვითარების ესკიზის შერჩევაც.

“ერთი წლის წინ, ჩვენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით დავაანონსეთ, რომ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ახალი კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ვგეგმავდით. მოხდა ორი სხვადასხვა ლოკაციის შერჩევა, საუბარია თეატრის უკან მდებარე ტერიტორიასა და და ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერზე. ამის შემდეგ, გამოვაცხადეთ კონკურსი და ვთხოვეთ რუსთავის მცხოვრებლებს, წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები რეკრეაციული სივრცეების განვითარების შესახებ. ინფორმაცია კონკურსის თაობაზე, გავრცელდა როგორც ადგილობრივი ტელევიზიის, ისე სოციალური მედიის საშუალებით. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობამ ძალიან საინტერესო წინადადებები შემოგვთავაზა. შედეგად, დღეს გამართულ შეხვედრაზე, პროექტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რუსთაველების მიერ შექმნილი კონცეფციები დავახვედრეთ“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარისას.

საპროექტო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, დღევანდელ შეხვედრაზე პრეზენტირებული გრაფიკული ნამუშევრების მიხედვით დაიწყებს. პროექტირების დასრულების და საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, კი მოხდება თანხის მოძიება პროექტის გასახორციელებლად და გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად. შედეგად, რუსთაველებს კიდევ ორი, კეთილმოწყობილი და ლამაზი დასასვენებელი ადგილი ექნებათ.

კონცეფციის განხილვას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, საპროექტო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის – ,,კარკასი“ წარმომადგენლები და ერთ-ერთი სკვერის კონცეფციის ავტორი, რუსთაველი არქიტექტორი გიორგი არევაძე ესწრებოდნენ.

Comments

comments