The Washington Times: საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული ქვეყანაა

Washington Times-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. მისი ავტორი ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ჯ. ადამ ერელია. ის ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკასა და სტრატეგიულ გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

,,ქართველი ხალხი, რომელიც მუდმივი რუსული საფრთხის და აგრესიის წინაშე დგას, დღითიდღე განამტკიცებს თავის დასავლურ ვექტორს, ახორციელებს ეკონომიკური ზრდისკენ მიმართულ სტრატეგიებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. აკავშირებს რა ერთმანეთთან კასპიის, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს, საქართველოს რამდენიმე პორტი ევრაზიასა და ატლანტიკურ ოკეანეს შორის შავიზღვისპირეთში სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანსპორტო მაკავშირებელს წარმოადგენს“, – წერია სტატიაში​.

ერელი საქართველოს მიღწევებზეც წერს და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ტარდება, საერთაშორისო რეიტინგებში კი თბილისის პოზიციები საგრძნობლად გაუმჯობესდა.

„გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შედეგად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. მას შემდეგ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება. საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია პრაქტიკულად ყველა ინდექსში გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით”, – წერს ყოფილი დიპლომატი.

მისივე თქმით, გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების დაბრკოლებას და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში. ,,რუსეთის სამხედრო ძალები და მათი მარიონეტები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. რუსი ტურისტების წვლილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ფულადი გზავნილების თვალსაზრისით, რუსეთი საქართველოს მე-2 უმსხვილესი წყაროა. გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების დაბრკოლებას და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებულმა ძალებმა ყური უგდონ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს და თავი შეიკავონ ძალადობრივი დემონსტრაციებისგან“, – ნათქვამია სტატიაში.

Comments

comments