ოპოზიცია ისევ პარლამენტის პიკეტირებას ცდილობს – არიან დაკავებულები

საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელებთან გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებრივი მოძრაობები კვლავ საპროტესტო აქციას მართავეს და ცდილობენ დეპუტატებს შენობაში შესვლის დროს დისკომფორტი შეუქმნან. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე და ოპოზიციის ლიდერი დღეს დილიდან შეიკრიბა და უკვე ორი საათია ხმამაღალი შეძახილებითა და სასტვენებით მიმართავენ მმართველი პარტიის იმ დეპუტატებს, რომლებიც შენობაში ცდილობს შევიდეს.

დღეს დილიდან პარლამენტთან მობილიზებულია როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებიც იმყოფებიან როგორც აღნიშნული შენობის შიგნით, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე.

რამდენიმე წუთის წინ ჩიტაძის მხრიდან შესასვლელთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები. პოლიციამ მომიტინგეები ტროტუარზე გადაიყვანა და ამ დრომდე ცდილობენ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას.

პოლიციის თანამშრომლებმა ადგილიდან რამდენიმე მოქალაქე გაიყვანეს, თუმცა ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია სამართადამცველებმა მომიტინგეები დააკავეს თუ ადგილს გაარიდეს. დაკავებულთა შორის კი არიან გიორგი ვაშაძე და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.

ადგილზევე იმყოფება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელმაც მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არ ჯდება კანონში და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში, რომ მოხდეს დეპუტატების შენობაში დაუბრკოლებლად შესვლა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დღეს გაგრძელდება პიკეტირება და ეს პროტესტი ერთდღიანი არ არის: “სანამ ამ შეურაცხყოფას უკან არ წაიღებენ, სულ ასეთ არანორმალურ მდგომარეობაში უნდა იყვნენ ეს პოლიტიკური კლოუნები“, – აღნიშნავს გიგა ბოკერია.

დღეს პარლამენტში დეპუტატ ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილება და ასევე კენჭი უნდა უყარონ 20 მოსამართლეს უვადოდ გამწესებისთვის.

Comments

comments