ჯანდაცვის მინისტრმა პრემიერისგან დავალებები მიიღო

პრემიერ გახარიასა და 30-მდე კლინიკის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებული განცხადებებით გაირკვა, რომ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, გახარიამ დაავალა ტარიფიკაციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შექმნა. კლინიკების მხრიდან ჯგუფში ჩაერთვებიან სამედიცინო ბიზნესის ფინანსისტები, ასევე დარგობრივი ასოციაციები.

“სამუშაო ჯგუფში არ ვიცი ვინ შევა სამინისტროს მხრიდან, მაგრამ კლინიკების მხრიდან იქნებიან ფინანსისტები, ასევე დარგობრივი ასოციაციები… ჩემი კოლეგებიც ეთანხმებიან და ჩემი პირადი მოსაზრებაცაა, რომ არასწორი განფასება არის შედეგი იმ არასწორი პირველად განფასების, რაც უნდა განფასებულიყო და აქ იყო ძაღლის თავი დამარხული“, – განაცხადა ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ლაზარაშვილმა

მისივე თქმით, პრემიერ- მინისტრმა მედიკოსებს 520-ე დადგენილების გადავადებაზე უარი უთხრა, თუმცა პრემიერი მათ დაჰპირდა უმოკლეს ვადაში ტარიფები თავიდან გაიწერება და ასევე იმსჯელებენ პაციენტთა ჩართულობის საკითხზე ტარიფიკაციაში.

“დავალება მიეცა ჯანდაცვის მინისტრს, რომ უმოკლეს ვადებში, საუბარია დღეებზე, ის უზუსტობები და შეცდომები რაც არის თვითონ ამ ტარიფებში, გასწორდეს. როგორც ჩვენ მივხვდით, ხვალიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ამ ტარიფების დახვეწისთვის და გასწორებისთვის. მეორე თემა შეეხებოდა პაციენტთა ჩართულობის საკითხს და მათი ინფორმირებულობის და სურვილის შემთხვევაში, თანამონაწილეობის თემას და ამ შემთხვევაშიც პრემიერმა განაცხადა, რომ 2-3 დღეში ამ საკითხზე იმსჯელებენ და გარკვეულ დასკვნებს გააკეთებენ“, – განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.

Comments

comments