Amnesty International: საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება- ამ სათაურით განცხადებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ავრცელებს.

„რადგანაც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ანტისახელისუფლებო მიტინგი გრძელდება, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არასაჭირო ძალის გამოყენებისგან. ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენონ, თუ არაძალადობრივი ზომები დიდი ალბათობით არაეფექტიანი იქნება და სამართალდამცველები უნდა ეცადონ ზიანისა და ტრავმების მინიმუმამდე დაყვანას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათი თქმით, მშვიდობიანი აქციის დაშლისას, რომელიც ეროვნული კანონდებლობით უკანონოა, სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა და თუ ძალის გამოყენაბა აუცილებელია, ის უნდა იყოს დემონსტრანტების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის პროპორციული, ხოლო ძალა, რომელიც დიდი ალბათობით ზიანს გამოიწვევს, მიმართული უნდა იყოს მხოლოდ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები არიან ძალადობაში.

Amnesty International-ი წერს, რომ თბილისში ანტისამთავრობო პროტესტი 18 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის რეფორმების დაპირების შესრულების მხრივ უკან დაიხია. ორგანიზაციის განცხადებაში აღწერილია მოვლენების თანმიმდევრობა და ასევე, დაკავებულთა რაოდენობა.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მოცემულ შემთხვევაში, შეკრება, რომელიც საქართველოს პარლამენტის შესასვლელს ბლოკავს, შეიძლება დაშალონ, თუ ხელისუფლება ამისთვის მკაფიო საზოგადოებრივ საჭიროებას აჩვენებს და თუ დემონსტრაციამ დროის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში გამოიწვია არსებითი დარღვევა.

„ასეთი შემთხვევები კი არ მომხდარა 18 და 26 ნოემბერს, როდესაც პარლამენტის შენობის შესასვლელები საპროტესტო აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათით ჰქონდათ ბლოკირებული. წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი“-აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ისეთ სიტუაციაში, როდესაც საზოგადოებრივ შეკრებაში მონაწილე პირებისა ან ჯგუფის შესაკავებლად ან დასაშლელად მკაცრად აუცილებელია და როდესაც ძალადობის დონე აღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც სამართალდამცველებს საფრთხის შეკავება არ შეუძლიათ მხოლოდ მოძალადე პირებზე ფოკუსირებით.

უფლებადამცველები აღნიშნავენ იმასაც, რომ წყლის ჭავლის გამოყენების გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია ისეთი ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა ცივი ამინდი, რამაც შეიძლება, დაამძიმოს ზიანი.

ამასთან, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ინსტრუქციებისთვის შეწინააღმდეგების გამო მშვიდობიანი მომიტინგეების 15 დღემდე ე.წ. ადმინისტრაციული დაპატიმრების პრაქტიკა. ეს არღვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, თავისუფლების უფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

25 ნოემბერს ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართა, შემდეგ კი პარლამენტის შესასვლელები დაიკავეს. სპეცრაზმი პარლამენტთან დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 28 ადამიანი დააკავეს. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ასევე „ქართული ოცნება“ რიგ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.

ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ არჩევნების გერმანული მოდელით“ ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

Comments

comments