პარლამენტის შესასვლელები პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი

პარლამენტის მიმდებარე – ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი.

ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩამოსასვლელი ქუჩაც.

რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.

უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაადგილება კი თავისუფლადაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დღეს 08:30 საათიდან პარლამენტთან, ასევე ჩიტაძის ქუჩაზე – საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებას, 09:00 საათიდან კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.

ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

პარლამენტში დღეს 10:00 კომიტეტების სხდომები, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომაა ჩანიშნული.

Comments

comments