შსს: 26 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულია 28 პირი, დაშავდა – 3

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად 28 პირი დააკავეს, 3 ადამიანი კი დაშავდა.

სპეცრაზმმა აქცია დილით, დაახლოებით, 5 საათზე დაშალა.

დაკავებულებვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებს ედავებიან.

როგორც შსს აცხადებს, პოლიციელებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

“აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია”, – აცხადებს შსს.

ამ დროისათვის პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციელები არიან მობილიზებული, ასევე, მისასვლელი გზები პოლიციას ავტობუსებით აქვს ჩაკეტილი. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია რუსთაველის გამზირზეც, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთანაა. ისინი საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ, რატა ხელი შეუშალონ დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას.

Comments

comments