ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტის სტადიონის მშენებლობა 2020-ში დასრულდება

ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა უკვე დაიწყო და ის მომავალ წელს დასრულდება. როგორც სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალესანდრე მოწერელიამ, Bm.ge-სთან საუბარში აღნიშნა, UEFA-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად 9 მილიონი ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი და ეს იქნება სათადარიგო სტადიონი, რომლის მშენებლობა უკვე დიდი ხანია დაგეგმილი იყო ზუგდიდში.

„სტადიონი ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაიწყო და გულისხმობს, სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს და ასევე ტერიტორიის კეთილმოწყობას,“ – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები. სამუშაოების ნაწილი 2019 წელს შესრულდება, საბოლოოდ კი მომდევნო წელს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებისას დარღვევები აღმოაჩინეს, რის გამოც, ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონი არ მიიღო და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა, მათ შორის – ბეტონის კედლის მორღვევაზე.

Comments

comments