საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება.

12:00 საათზე სამედიცინო დაწესებულებების წინ 5 წუთის განმავლობაში ყველა, ერთად დგომით, პროტესტს გამოხატავს საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის უკანონოდ დაკავების გამო.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს გორის საუნივერსიტეტო კლინიკის, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“, ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს და ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალი.

„თეთრი ხალათების“ აქციას ქუთაისელი ექიმებიც შეუერთდებიან. კლინიკების ეზოებში სამედიცინო პერსონალი შეიკრიბება და კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გააპროტესტებენ.

სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს.

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ექიმის დაკავების საკითხს განცხადებები მოჰყვა საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა.

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.

Comments

comments