ირმა ინაშვილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს, რათა მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის ჩაგდება გააპროტესტონ.

„ჩვენი პარტია აცხადებს სრულ მობილიზაციას. მობილიზაციისკენ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს. ასევე, სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც მოვუწოდებ მობილიზაციისკენ. ახლა აღარ არის გარჩევის დრო, ესა და ის პარტია, ყველამ უნდა გააერთიანოს ძალები“ ,– აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

კითხვაზე, გულისხობს თუ არა სხვებთან ერთად, „ნაციონალურ მოძრაობას“, ინაშვილმა ასე უპასუხა: „ყველას ვგულისხმობ. მე მიხილავთ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, მაგრამ ყველა გაინაწილებს საკუთარ მოედანს. ყველამ უნდა გამოიჩინოს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ ის სამარცხვინო ფაქტი, რაც დღეს მოხდა, ყველამ გააპროტესტოს საკუთარ მოედანზე“.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ ჩავარდა პროპორციული სისტემის პროექტი, ინაშვილი ამბობს, რომ ეს მისთვის მოსალოდნელი იყო.

„პარლამენტში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური სპექტაკლიდან და მელაკუდობიდან გამომდინარე, ცხადია, ველოდით, რომ შესაძლოა, ჩავარდნილიყო პროექტი, მაგრამ მაინც სადღაც ვიტოვებდით იმედს, ეყოფოდა გონიერება უმრავლესობას, ქვეყანა ამ ტიპის კრიზისამდე არ მიეყვანა“ ,- აღნიშნა ინაშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

Comments

comments