“სექტემბერში, პირველად, საქართველომ მეტი ფული მიიღო EU-ს ტურისტებისგან,ვიდრე-რუსეთიდან”

“სექტემბერში, პირველად, ევროკავშირიდან მიღებულმა ტურისტულმა შემოსავალმა რუსეთიდან მიღებულ ტურისტულ შემოსავლებს გადააჭარბა”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიმოხილვაში.

სებ-ის პრეზიდენტი რუსულ ავიასანქციებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ივლისში დაწესებული ავიასანქციების შედეგად, მთლიანად ტურისტული სექტორის შემოსავლების მოცულობა 2018 წელთან შედარებით შემცირებულია.

“ეკონომიკური ზრდის მთავარი ხელშემწყობი საგარეო მოთხოვნა იყო, რაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდაში გამოიხატა. რუსეთიდან ფრენების აკრძალვის ფონზე, ივლისიდან ტურისტული შემოსავლები შემცირებულია, თუმცა სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება.

სექტემბერში, პირველად, ევროკავშირიდან მიღებულმა ტურისტულმა შემოსავალმა რუსეთიდან მიღებულ ტურისტულ შემოსავლებს გადააჭარბა. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან იზრდება ფულადი გზავნილებიც. ეს ყველაფერი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე აისახება, რომელმაც 2019 წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6% შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებამ ბოლო წლებში ტენდენციის სახე მიიღო, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოში რუსი ვიზიტორების ნაკადი 20%-ით შემცირდა და 147,425 შეადგინა. ამის პარალელურად, გაიზარდა ტურისტული ნაკადი ისრაელიდან (+31%), გერმანიიდან (+39%), პოლონეთიდან (+22%), აშშ-დან (+22%), უკრაინიდან (+27%) და სხვა ქვეყნებიდან.

Comments

comments